მამუკა მდინარაძე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ვა-ბანკზე წასულმა ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთოს, არის ​ტრაგედიებით შოუების მოწყობა და ისინი ამას აკეთებენ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის თავზე, კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაუჩნდათ ილუზია, რომ მათ შეუძლიათ ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა, მათთვის კატასტროფული სტატისტიკა და რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ ამის არანაირი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ მათაც, „ნაცმოძრაობას“, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძირითად ოპოზიციურ პარტიას, აქვს საკუთარი კვლევები, რომელშიც ისინი კატასტროფულად აგებენ ამ არჩევნებს. ახლა დარჩათ ის, რომ ან უნდა შეეგუონ ამ მარცხს და ამის მიუხედავად, ილაპარაკონ საარჩევნო დაპირებებზე, გეგმებზე, მომავლის პერსპექტივებზე, პროაქტიულად წარმართონ ამ მიმართულებით კამპანია ან – მოიფიქრონ რაღაც გეგმა – ბ და წავიდნენ ვა-ბანკზე. მათი ტელევიზიები „ფეიკებით“ ისედაც გაჯერებული იყო და ამას ემატება ტრაგედიებით შოუების მოწყობა, რაც ყველაზე ამორალურია. ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ვა-ბანკზე წასულმა ოპოზიციურმა პარტიამ, არის შოუების მოწყობა ტრაგედიებით. ამას აკეთებენ და ცდილობენ, საზოგადოების იმგვარი აღშფოთება გამოიწვიონ, რომ ამან რეიტინგების მაჩვენებლები საპირისპიროდ შეცვალოს. ეს შეუძლებელია, რადგან ამავდროულად, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, რომელზეც ფიქრობენ, რომ ისინი მოწყვლადები არიან. „მე დავაბრალებ და მერე მან თავი იმართლოს“ – აი, ამ ლოგიკით ცდილობენ, რომ, ანალიზის გარეშე, რაღაც ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას. ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს ანალიზის უნარს მოკლებული ხალხი. ამ ქვეყანაში ადამიანებმა ზუსტად იციან, რა ხდება სინამდვილეში და ამიტომაცაა რეიტინგებში განწყობა იქით, საითაცაა სიმართლე. როგორ წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში რამდენი ქვეყნის დედაქალაქი შეიძლება იყოს, რომელსაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, არ ჰქონდეს მკვლელობის, პრაქტიკულად, არც ერთი გაუხსნელი საქმე? ასეთი არის თბილისი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.